logo
ENG



უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ - დაზვერვა [ვიდეო]

11 ნოე 202218:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/drh0043r0cclw9r.png

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში შედიან.

დაზვერვაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა ხერსონის დატოვების შესახებ განაცხადა, "კრემლმა საკუთარი სამხედროები გაწირა და მოუწოდა ტერიტორიიდან საკუთარი ძალებით გაქცეულიყვნენ, რის გამოც მათ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობა უწევთ".

უკრაინის დაზვერვა რუს ოკუპანტებს მიმართავს და ამბობს, რომ გაქცევა მათ არ გამოუვათ. უკრაინელები ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდებენ და ამისთვის შესაბამის პროცედურასაც სთავაზობენ.

"ხერსონი უკრაინის კონტროლქვეშ ბრუნდება. ქალაქში შედიან ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ოკუპანტებს გაქცევა უკრაინული ჯარის მიერ გახსნილი ცეცხლის ფონზე მოუწევთ. ნებისმიერი მცდელობა შეეწინააღმდეგონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იქნება პასუხგაცემული. ნებისმიერი რუსი სამხედრო, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს, განადგურდება. თქვენ გაქვთ ერთადერთი შანსი გადარჩენის - ჩაგვბარდით. დაყარეთ იარაღი და ჩაგვბარდით", - წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებაში.

მანამდე სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა სხვადასხვა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ ელოდება მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს და როგორ აღმართეს უკრაინის დროშა სამხედროებმა და მოქალაქეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან ლოკაციაზე. ერთ-ერთი დროშა აღიმართა ხერსონში, ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაზე.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა ინფორმაციას ხერსონიდან რუსული ძალების გასვლის შესახებ. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას გეგმის მიხედვით.

10 ნოემბერს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ოკუპაციისგან 41 დასახლება გაათავისუფლეს. 10 ნოემბერსვე უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 10 ნოემბრის განმავლობაში უკრაინამ ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში ჯამში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

11 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ხერსონში ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი, სვეტებს შორის მონაკვეთი აფეთქების შედეგად ჩაინგრა. Komsomolskaya Pravda-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ კოცი გადაღებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხიდი სავარაუდოდ მაშინ აფეთქდა, როცა რუსები მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადადიოდნენ. ამავე დღეს, UNIAN-მა დაწერა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა.

დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა სრულად დატოვა ხერსონი და დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი არ მიიჩნევს, რომ ხერსონიდან ჯარების გაყვანა პუტინის პრესტიჟისთვის დარტყმაა. ამავდროულად, მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ხერსონის თავის ტერიტორიად განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები გაყვანილია დნიპროს მარცხენა სანაპიროზე.

 


close დახურვა